Thursday, December 20, 2012

დემოკრატიის განმარტება

მმართველობის ერთ-ერთი შესაძლო ფორმა. დ. ხალხის მმართველობის სინონიმია და, როგორც ასეთი, განსხვავდება ერთი (მონარქია, ავტოკრატია), ან რამდენიმე პირის (არისტოკრატია, ოლიგარქია) მმართველობისაგან. დემოკრატიულია ის ქვეყნები, სადაც კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ მმართველთა უფლებამოსილებანი მართულთა თანხმობის შედეგია. წარმომადგენლობითი დ-ის პირობებში ამომრჩევლები პერიოდულად ირჩევენ თავის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხს აგებენ მათ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ნებისმიერი დ-ის დამახასიასიათებლი ნიშანია არჩევნის თავისუფლების პატივისცემა, რომელიც გულისხმობს ისეთი სამოქალაქო თავისუფლებების არსებობას, როგორიცაა სიტყვის და შეკრებების თავისუფლება. დემოკრატია შემდეგი პირობების დაცვას გულისხმობს: 1. ხელისუფლების დაყოფა; 2. ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა; 3. შემწყნარებლობა უთანხმოებათა მიმართ; 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; 5. საზოგადოებაში განხეთქილების არარსებობა; 6. წარმატებული ეკონომიკური განვითარება. დ-ს ხშირად აიგივებენ უმრავლესობის მმართველობასთან, რისი დამადასტურებელიც, თითქოსდა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებია. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, უმრავლესობის მმართველობა შესაძლებელია ძალიან სასტიკი აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა და სხვადასახვა სახის უმცირესობათა მიმართ. სწორედ უმრავლესობამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი სოკრატეს, რაც ათენის პოლიტიკურ წყობას დადებითად არ ახასიათებს. უმრავლესობას, როგორც წესი, ავიწყდება უმცირესობათა პრობლემები, ხოლო ზოგიერთი პრობლემა მტრულ დამოკიდებულებას იწვევს უმრავლესობის მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის განუსაზღვრელი ძალაუფლება საფრთხეს წარმოადგენს ცალკეული პირების, ან ჯგუფების მიმართ. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გაგებით, დ. უმრავლესობის შეზღუდული ძალაუფლებაა, შეზღუდული ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რომლებიც ცალკეულ ადამიანებს ეკუთვნით. უმრავლესობას არა აქვს ამ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის უფლება. ამრიგად, ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ზღუდავენ უმრავლესობის ძალაუფლებას. შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც კონსტიტუციურობის პრინციპი. ჩვენს დროში ეს პრინციპი ასახულია კონსტიტუციის თავებში - ეს ის თავებია, რომლებშიც მოცემულია ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. ისინი პირველ რიგში კანონმდებლების ძალაუფლებას ზღუდავენ, ვინაიდან არ აძლევს მათ საშუალებას გააუქმონ აზრის გამოხატვის თავისუფლება, ან საკანონმდებლო წესით დაუშვან ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვაა. ამრიგად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი უმრავლესობის ძალაუფლების ზღვარს აწესებენ. დ-ს დონე მით უფრო მაღალია, რაც უფრო შეზღუდულია ელიტის პოლიტიკური ძალაუფლება და რაც უფრო მაღალია ფართო სოციალური ფენების გავლენა. წყარო


No comments:

Post a Comment